ჩემი უსუსურობა შინაგან ტკივილს იწვევს


ფშვტვენა. ხმამაღალი შეძახილი. ხარხარი. „ჰეი ლამაზო“. მანქანის გაბმული სიგნალი. ნერვიული ბორბლების კრიწინი. მოდურმა მანქანამ ნელი სვლით ზურგს უკან ჩაგიარა.

იხედები აქეთ-იქეთ. გულში ფიქრობ „ოღონდ მე არ მეძახდნენ“. შენს ირგვლივ არავინაა. სარეთოდ არავინ. უძრავად მდგომ მანქანებს ათვალიერებ. იქნებ და მანქანამ მანქანას გადასძახა. წამებში კადრებად ჩაგიარა ყველა გამოსავალმა „ოღონდ მე არ მეძახდნენ“ – მოსაზების გამართლებისათვის.

გწყინს. შეურაცხყოფილად გრძნობ თავს. შინაგანი ფორიაქი არ გასვენებს. დამცირება გონებას გიჭამს. ჟესტური ენა დაილოცოს. გამოსავალი ნაპოვნია. პასუხი გაცემულია. მანქანა შენგან 9-10 მეტრშია. ალბათ დაინახავდნენ ჩემს პასუხს, ფიქრობ და უძრავად, გზისკენ ზურგით დგომას აგრძელებ.

დაუნახავთ.

ნელი სვლით ზურგს უკან იმავე მანქანამ ჩაგიარა. არ ჩერდება. ყურადღებასაც არ აქცევ. უძრავად დგახარ გზიდან ზურგით. ფიქრობ, გადარჩი. კამათის ხასითზე სულაც არ ხარ. არც დაძაბულობა გხიბლავს. თუმცა… უკუსვლით იგივე მანქანა გიახლოვდება. ფანჯრიდან ნახევრად გადმოსული ახალგაზრდა ყმაწვილი ხმა აწეული, თითქმის ყვირილით, მუქარით გეუბნება გაიმეორო ჟესტურად გაცემული პასუხი. პასუხად მშვიდი ხმის ტემბრით იღებს, რომ თუ მზად არ იყო მოსალოდნელი შედეგისთვის, მაშინ შეურაცხყოფა არ უნდა მოეყენებინა. ისევ აგრძელებს ხმამაღლა ყვირილს. „შენ გოგო“, „შენ გოგო რა გაბედე“, „შენ გოგო“ და აქ უკვე აწყვეტინებ. უკან იხევს. ჩხუბნარევი ახსნა გესმის. ფშვტვენა, ხმამაღალი შეძახილი, ხარხარი, „ჰეი ლამაზო“, მანქანის გაბმული სიგნალი, ნერვიულად ბორბლების კრიწინი – ეს ყველაფერი მხოლოდ კომპლიმენტი ყოფილა.

კომპლიმენტის მათეული გაგება შინაგან ტკივილს იწვევს. მოტრიალებული მანქანა, გარჩეული ამბავი, ხმამაღალი და შეურაცხმყოფელი ფრაზები შინაგანად უსუსურობას ბადებს. ნეტავ, ამ ფაქტს ძალადობას რამდენი ადამიანი დაარქმევს.

„რა გააკეთე ასეთი“, „რა გეცვა“, „როგორ იდექი“, „წასულიყავი“, „არ უნდა გამოპასუხებოდი“ – ეს ის რეაქციებია, რომელიც პირველ რიგში გესმის. ვგრძნობ, ჩემი უსუსურობა შინაგან ტკივილს როგორ იწვევს. უმრავლესობა მიბიძგებს სიჩუმისკენ, თავდახრილობისკენ, შეურაცხყოფის გადაყლაპვისკენ, ამ ფაქტზე თვალის დახუჭვისკენ.

რა მნიშვნელობა აქვს რა გეცვა, როგორ იდექი, რა ჟესტი გამოიყენე – იწყებ ამბის თავიდან მოყოლას თუ როგორ იდექი შენთვის მშვიდად, წყანარად; როგორი შეძახილებით, ყიჟინით, ფშტვენით, სიგნალით, ხმამაღალი შეურაცხმყოფელი ფრაზებით ჩაგიარა ახალგაზრდა ბიჭებით სავსე მანქანამ. თითქოს შენი ხმა არავის ესმის. უბრალოდ ტუჩებს ამოძრავებ. შენი საუბარი მუნჯურ ენას დაემგვანა, რომელიც ყველა მუნჯმაც არ იცის. რამდენჯერმე ამბის განმეორებით მოყოლის მიუხედავად ხედავ კედელს თავით როგორ ეტაკები. რეაქცია იგივე. „არ უნდა გექნა“, „თავი შეგეკავებინა“, „მერე რა“, „პირველად ხომ არ გინახავს ასეთი რამ“ – მსმენელები მსჯელობის ახალ ფაზაში გადავიდნენ. მოწოდებები და შეფასებები დაიწყეს. ხვდები ჭკუას როგორ გარიგებენ თუ რა და როგორ უნდა გექნა. სამომავლოდ, რა და როგორ უნდა ქნა. საბოლოოდ კი შედეგი იგივეა: იყო წყანარად, თავდახრილი, მოითმინო, გადაყლაპო, თითქოს ისეთი არაფერი მომხდარა…

იწყებ ფიქრს. ნუთუ მართლა აზვიადებ?! მართლა არაფერი მომხდარა?! იქვე საკუთარ თავს პასუხობ – ამათ რეაქცია მაინც ჰქონდათ, რაღაც მაინც თქვეს. პარალელურად იხსენებ ყველა იმ ადამიანს, რომლის უკომენტარო სახეებზე წაგიკითხავს – ნეტავ შენ მეტი საქმე, რომ არ გაქვს ან/და ნეტავ შენ მაგისთვის, რომ გცხელა ან/და ნეტავ შენ მეტი სადარდებელი, რომ არ გაქვს ან/და ვაი შენს პატრონს. გული უფრო გეკუმშება. უსუსურობა უფრო მეტად გიპყრობს. შინაგანი ტკივილი იზრდება. ხვდები, რომ ურეაქციო თუ რეაქციის მქონე ხალხი საბოლოოდ შენს ტყავში ძვრება, ტვინში ბუდეს აშენებს.

41471174_299506140827530_728609784080629760_nვერ აცნობიერებ თუ როგორ ზემოქმედებენ შენზე ესა თუ ის გამოთქმული თუ გამოითქმელი აზრები. ამ დროს შორიდან რომ საკუთარ თავს შეხედო, თუნდაც ერთი წამით, დაინახავ შენთვის უცნობ ადამიანს, რომელიც ბევრი ადამიანის აზრებისგან, იდეებისგან არის აწყობილი. საკუთარი თავის შეგეშინდება. შეგეშინდება ყველა იმ უსუსური, სტერეოტიპული დოგმის, რომელიც გაიძულებს თავი დაიდანაშაულო და დახარო; გაიძულებს გრცხვენოდეს და ნორმად მიიღო ძალადობის ყველა ის ფორმა, რომელიც ფიზიკურს მიღმა არის.

ეს შეძახილები და წამებში დადგმული სპექტაკლი არაფერია იმ ისტორიებთან, რაც ტელევიზორებიდან ყოველკვირეულად გვესმის. ნეტავ რას განიცდიდა, რას ფიქრობდა ყველა ის გოგონა, რომელიც თვითმკვლელობამდე მივიდა ან უარეს შემთხვევაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ამბავი 1: „არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გურიაში ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა 16 წლის გოგონას შანტაჟის გზით, ინტიმური ხასიათის ვიდეო კადრები გადააღებინა და შემდეგ მისი გამოქვეყნებით ემუქრებოდა. გოგონამ საკუთარი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო“;

ამბავი 2: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 15 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 22 წლის ბიჭი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის – Facebook-ის საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული გოგონას აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კითხულობ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ივლისში, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 257 ფაქტზე დაიწყეს გამოძიება. ეს 97.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2017 წლის ივლისში, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება 130 შემთხვევაზე დაიწყო.

2018 წლის ივლისში რეგისტრირებული საქმეებიდან ერთი გაიხსნა, 2017 წლის ივლისში – არც ერთი”.

პარალელებს ავლებ, გესმის ადამიანების სხვადასხვა სიმძიმის ისტორიები და უბრუნდები საწყის წერტილს. ჩემთვის ძალადობა იმ ფშტვენიდან იწყება, რომელსაც „კომპლიმენტს“ ეძახიან და შსს-ს რეგისტირებული დანაშაულის სტატისტიკაში მოხვედრილი ქეისებით მთავრდება. ჩემს უსუსურობას გაქანებული მანქანიდან გაბმული სიგნალის ფონზე, ამაზრზენი ხმით გამოცრილი „ჰეი ლამაზოს“ შეძახილი ქნის, ხოლო თვითმკლველობამდე მიყვანილი ძალადობის/ბულინგის ამბები შინაგან ტკივილს იწვევს. საერთო ჯამში კი ჩვენი უსუსურობა შინაგანად იმდენად იწვევს ტკივილს ხოლმე, რომ გვამუნჯებს.

და ბოლოს, „კარგია, რომ რეაგირება გქონდა და არ გაჩუმდი“ – ერთი ფრაზა, რომელიც მინიმუმ ერთი ადამიანიდან ამ პროცესში გესმის მთებს გადაგადგმევინებს. „არ გაჩუმდე“, „რეაგირება სირცხვილი არ არის“ – გამამხნევებელ ფრაზებს „შინაგანი მე“ იმდენად მყარად ეჭიდება, რომ ძნელია მოტივაცია არ აგიმაღლდეს. მჯერა, მანქანიდან წელსზემოთ გადმოსულ ბიჭს ჩემი სახე არასდროს დაავიწყდება. არც მის გვერდში მჯდომ ძმა-ბიჭებს მოაგონდებათ სიამაყით ეს ფაქტი. საბოლოოდ ხედავ, თუნდაც 1 წუთით, რომ შენს გარდა შენს წინ მდგომი ყმაწვილებიც შინაგან ტკივილს გრძნობენ, რომელიც მათივე უსუსურობით გამოიწვიეს.

ჩვენ გავთანაბდრით – „ბარი-ბარში ვართ“.

პ.ს.

ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია.

 

About saddlebag1

სახელწოდება “Saddle-bag” ქართულად ითარგმნება როგორც “ხურჯინი”. ეს ხურჯინი ყოველთვის სავსე იქნება სხვადასხვა ტიპის სასარგებლო ინფორმაციით.
This entry was posted in კადრს მიღმა and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment